ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე

3 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში Startup Grind-ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე „ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე“.

90-იანი წლები ბევრი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური პრინციპების დასაბამია. ამ კომპანიებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ინდუსტრიებს და შექმნეს ახალი ბაზრები.

ღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და ამერიკული გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ, რა პროცესები მიმდინარეობდა ეკოსისტემაში 1990-იანი წლებიდან დღემდე. ასევე ისაუბრებენ სტარტაპგარემოს 1990-2022 წლების გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ გამოცდილებას.

მომხსენებლები

დავით ჩეჩელაშვილი სტრატეგიაზე ორიენტირებული მეწარმეა და 2004 წლიდან ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის გადაკვეთაზე მუშაობს. ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაარსებული აქვს 5 გლობალური სტარტაპი, ძირითადად იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მათგან ერთ-ერთი, კინოინდუსტრიის ცნობილი ბრენდი, 3D ტექნოლოგიების ბოლო ტალღის (2005) სათავეში იდგა. 2015 წელს დავითი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მონაწილეობს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაში. საქართველოს აქსელერაციის 500 პროგრამის კოორდინატორია.

ანა რობაქიძე, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მანამდე იყო Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუშაობდა ასობით სხვადასხვა API-ზე. 2022 წელს მოიგო Web Summit-ის Pitch კონკურსი. Theneo (YC W22) სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციაზე. კომპანია ავითარებს, აკონტროლებს და ინახავს API დოკუმენტაციას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური მეშვეობით.

Startup Grind, გლობალური ორგანიზაცია, აერთიანებს მსოფლიოს 3 მილიონამდე ანტრეპრენერს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და არაფორმალურ გარემოში სამეწარმეო „ქომუნითების“ შექმნას.

Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 3 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://bit.ly/3naRx1c

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 30 მარტის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს პირველი 40 რეგისტრირებული პირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com

2023 წელი