საქართველოს ნაკრების წარმატება ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირ IYPT 2020-ზე

4-7 სექტემბერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2020 გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთ-ერთი იყო კომაროვის სკოლის მოსწავლე რობიკო ცინცაძე, რომელიც ფაბლაბ ილიაუნიში დამზადებული დანადგარით წარსდგა ტურნირზე და წარმატებასაც მიაღწია.ფინალურ ეტაპზე რობიკოს ამოცანა ხახუნის ოსილატორს შეეხებოდა.

რას წარმოადგენს ტურნირი?

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (IYPT) გუნდური შეჯიბრებაა სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში, ამოხსნის შესახებ მოხსენებასა და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან რამდენიმეთვიან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს, ამიტომ ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება. ტურნირისთვის თითოეული ქვეყნის ნაკრებს მოსამზადებლად ეძლევა 17 ამოცანა, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე. ამოცანები არის ექსპერიმენტული ტიპის, მონაწილეებს თეორიული მოდელის შემუშავების შემდეგ უწევთ ამოცანა ექსპერიმენტულად განამტკიცონ, შემდეგ კი ამ ამოცანებს იცავენ ჟიურის და ოპონენტი გუნდების წინაშე. შიდა ტურნირის დასრულების შემდეგ შეირჩევა 5 მონაწილე,რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რობიკო ცინცაძე (კომაროვის სკოლა); ზურაბ უგულავა (კომაროვის სკოლა); ნიკა ნიკურაძე (კომაროვის სკოლა); ნიკა მალცევი (კომაროვის სკოლა); ლაზარე ოსმანოვი (ვეკუას სკოლა). ნაკრების მწვრთნელები: გიორგი ხომერიკი მიხეილ სოხაშვილი, გიორგი წერეთელი, გიორგი ჯიქიძე და გიორგი ბახტაძე.

ვინც ჯერ არ იცით, ფაბლაბ ილიაუნი აერთიანებს ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან და თავიანთი წვლილის შეტანას ცდილობენ ინოვაციური გარემოს შექმნაში. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა დამწყები ბიზნესების, ინოვაციური გამოგონებებისა და სხვადასხვა სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში მონაწილე ადმიანების ხელშეწყობისა და დახმარებისთვის. ფაბლაბ ილიაუნი ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

0 0 vote
Article Rating