მეცნიერებს ყინულისგან დამზადებული რობოტის კოსმოსში გაგზავნა სურთ

ამერიკაში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი ცდილობს გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა ყინულისგან შექმნილი რობოტების სხვა პლანეტაზე გაგზავნა. მათი მთავარი მიზანია, ისეთი რობოტის დიზაინის შექმნა, რომელიც შეძლებს ექსტრემალურ ადგილებში გადაადგილებასა და ადგილობრივი რესურსების გამოყენებით საკუთარი თავის შეკეთებას.

აღნიშნული იდეა მკვლევარებმა ინტელექტუალური რობოტებისა და სისტემების საერთაშორისო კონფერენციაზე (IROS) წარადგინეს. როგორც განაცხადეს, რობოტი წარმატებით შეძლებს ფუნქციონირებას დაბალი ტემპერატურის გარემოში, სადაც ყინული შეინარჩუნებს თავის თავდაპირველ აგრეგატულ მდგომარეობას და რობოტის მიერ გამოყოფილი სითბო არ დაადნობს მას.

მეცნიერებმა რობოტის პროტოტიპი, რომელსაც IceBot ჰქვია, უკვე ააგეს. მასში შედის ელემენტები და აკუმულატორები, თუმცა რობოტის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები ყინულისგან არის დამზადებული. ძირითადი ყინულის დეტალები ხელით არის გამოჭრილი და თითქმის 6,3 კილოგრამს იწონის. IceBot-ს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება და ოთახის ტემპერატურაზე მაშინვე არ დნება. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა რობოტის თვითშეკეთების ფუნქციით უზრუნველყოფაა, რაზეც აქტიურად მუშაობენ.

რობოტის დამზადებას რაც შეეხება, როგორც ცნობილი გახდა IceBot-ის დამზადება შესაძლებელი იქნება როგორც 3D პრინტერით, ისე CNC პროგრამირებადი ჩარხის მეშვეობით. მეცნიერების თქმით, თუ ყინულისგან რობოტის შექმნას შეძლებენ, მაშინ იგი სხვა ყინულოვანი პლანეტების კვლევასა და მონაცემთა შეგროვებაში დაგვეხმარება.

წყარო: იხილეთ აქ

0 0 vote
Article Rating