ქართველი მოსწავლე, რომელიც დიზაინის მიმართულებით სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს

გაიცანით ანა მიქაძე, 49-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ნიდერლანდების ერთ-ერთ უნივერსიტეტში დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობს.

ანამ ნიდერლანდების ოთხ წამყვან უნივერსიტეტში – Design Academy Eindhoven, ArtEz University of the Arts, Willem De Kooning Academy, Royal Academy of Art – წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და ყველა მათგანიდან დადებითი პასუხი მიიღო. ნიდერლანდებში სწავლა ანას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მიზნად დასახული, რადგან, როგორც თავად თვლის, დიზაინის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და რაც მთავარია, ახალგაზრდებისთვის საკმაოდ კარგი გარემოა.

“ძალიან დიდი ხანია რაც ვხატავ, მგონი ლაპარაკი უფრო გვიან დავიწყე, ვიდრე – ხატვა, მაგრამ დიზაინისადმი ინტერესი ბოლო ოთხი წელია გამიჩნდა. ძირითადად იმის დამსახურებით, რომ ვეძებდი პროფესიას, სადაც ტექნოლოგია და ხელოვნება დაბალანსებული იქნებოდა. ყოველთვის მიზიდავდა გამოგონება, ზუსტად ისევე, როგორც – ესთეტიურ მხარეზე მუშაობა. „ჭკვიან“ დიზაინს შეუძლია, უპასუხოს სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ გამოწვევებსაც კი. დღეს, როდესაც სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი ეტაპობრივად სცილდება „ადამიანს“ და გვიწევს ჩვენ მოვერგოთ ახალ მოწყობილობებს და არა პირიქით, დიზაინერის როლი კიდევ უფრო იზრდება მრეწველობაში.” – ამბობს ანა.

შესარჩევ ეტაპზე უნივერსიტეტების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო კანდიდატის მიერ რაიმე იდეის 3D მოდელის წარდგენა, თუმცა ანას არ ჰქონდა შესაბამისი რესურსი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფაბლაბ ილიაუნისთან დაკავშირება, რომელიც დაეხმარა მას 3D მოდელის დამზადებაში. იდეა იყო კაბელის “დასახვევი” გველი, რომლის 3D დიზაინის აწყობაც და დამზადებაც ფაბლაბში მოხერხდა.

“ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ადგილზე მიმეტანა რაიმე იდეის 3D მოდელი, რომლის ფორმაც იქნებოდა მთავარი ფოკუსი, რისი რესურსიც იმ დროისთვის არ მქონდა, დროშიც ვიწურებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე, ილიაუნის ფაბლაბს დავკავშირებოდი. სპონტანური იდეა იყო კაბელის „დასახვევი“ გველი. ფაბლაბი დიდი ენთუზიაზმით და სისწრაფით შეუდგა ჩემი 3D მოდელის აწყობის პროცესს და მათი დახმარებით შევძელი, წარმედგინა მოდელი გასაუბრებებზე, რამაც ჩემი კანდიდატურა უფრო დასამახსოვრებელი გახადა.”

ამ ეტაპზე ანას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, საბოლოოდ რომელ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, ვინაიდან ოთხივე საკმაოდ მაღალი დონის, პრესტიჟული უნივერსიტეტია ამ მიმართულებით და მოსაფიქრებლად დრო სჭირდება. ანამ მთავარი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა, წინ კი საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო გზა ელის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ მას საკუთარი მიზნების განხორციელებაში.

0 0 vote
Article Rating