გრაფიკული პოსტერების კონკურსის “ჩვენი ხსნა ბუნებაშია” ერთ-ერთი გამარჯვებული

გაიცანით ლუკა ალექსიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ტურიზმის მიმართულებით და „ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბის“ პრეზიდენტი.

ლუკა ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგკურსის მონაწილეა, რომელიც 13 აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

„ხატვა ბავშვობიდან მომწონდა, ასევე „ახლო ურთიერთობაში“ ვარ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ამიტომ დამატებით პროფესიად მომინდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა, თუმცა სანამ ფაბლაბ ილიაუნის ონლაინ კურსის შესახებ არ გავიგე Facebook-ის საშუალებით, იქამდე არ დამიწყია. აღნიშნული კურსი დამეხმარა Adobe Illustrator-ის ტექნიკების სრულფასოვან ათვისებაში, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა პირველ რიგში ჩვენმა ტრენერმა თავისი მოტივაციითა და საქმისადმი მიდგომით და შემდეგ კი მთლიანად ჯგუფმა, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნიდა განვითარებისათვის“ – ამბობს ლუკა.

ლუკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მისი პოსტერი სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

 „კონკურსის შესახებ მეგობრისაგან გავიგე, რომელიც სწორედ ამ კურსის დახმარებით შევიძინე. ერთი შეხედვით, კონკურსი იყო ბუნებასა და ადამიანზე, რაც ჩემი პირდაპირი ინტერესის სფეროებია და ამიტომ ბევრი არც მიფიქრია. ხოლო შინაარსობრივად ეს კონკურსი იყო ადამიანის სიცოცხლის ბიომრავალფეროვნებაზე დამოკიდებულებასა და ბუნების ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირზე“.

ლუკამ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია ჩადო პოსტერის შექმნაში და საბედნიეროდ, მისი მონდომებითა და მოტივაციით წარმატებასაც მიაღწია.

ფაბლაბ ილიაუნი წარმატებას უსურვებს ლუკას სამომავლო გეგმების განხორციელებაში და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისთვის.

0 0 vote
Article Rating