თიგის სახლი

გაიცანით ნინო თიგიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და “თიგის სახლის” დამფუძნებელი.

ნინომ ბაკალავრიატი ტურიზმის მიმართულებით ასევე ილიაუნიში დაამთავრა, მიმდინარე წლიდან კი ამავე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია. გარდა ამისა უკვე მეორე წელია საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაში პროექტების კოორდინატორია და სამი თვეა, რაც მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარება დაიწყო.

“სწავლის დაწყებიდან  მალევე გავაცნობიერე, რომ ადრე თუ გვიან სოფელში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან დედაქალქის ცხოვრება არასდროს ყოფილა ჩემთვის კომფორტული”- ამბობს ნინო.

სოფელში კი მას საკუთარი მცირე ბიზნესი წარმოედგინა ტურიზმის მიმართულებით, რომელსაც “თიგის სახლს” დაარქმევდა და რომლის ქვეშ ყველა მის საოჯახო პროდუქტს გააერთიანებდა. იმ ეტაპზე მისთვის ეს ყველაფერი ოცნებად რჩებოდა, თუმცა თავდაუზოგავი შრომითა და ოჯახის ხელშეწყობით დღეს ეს ოცნება რეალობად აქცია.

“ერთ წელს მამამ ძალიან ბერვი მცენარე მოიტანა, იმდენი, რამდენიმე ჩაის მოყვარულ ოჯახს რომ ეყოფოდა. სამწუხაროდ, იმავე წელს მამა გარდაიცვალა…”

მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ მამას ნაგროვები მცენარეებისგან დამზადებული ჩაი ნინომ სამსახურში წაიღო დასაგემოვნებლად. ჩაიმ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მისი შეფუთვისა და გაყიდვის იდეაც გაჩნდა, რაც მას გონებაში ჩაუჯდა და “შესაძლებლობების უჯრაში ზემოდან მოათავსა”.

“ყოველთვის ვცდილობდი დედასთვის ჩემი ფიქრების ყველა სათავსო გამეღო, მათ შორის იყო ჩაის იდეაც. დედამაც მხარი დამიჭირა, იმ წელს უფრო მეტი მცენარე მოაგროვა და მოუთმენლად ელოდებოდა, როდის შევფუთავდი ჩაის სათანადოდ. მეც უკან დასახევი გზა არ მქონდა, არ შემეძლო, მისთვის და მამასთვის, რომელმაც თითქოს ნიშანი დამიტოვა, იმედი გამეცრუებინა, ამიტომ უბრალოდ მოვძებნე საჭირო ხალხი და დავიწყე ჩაის შეფუთვა და ონალინ გაყიდვა”

14 თებერვალს გახდა ზუსტად 3 თვე, რაც ნინომ პირველი პოსტი დადო “თიგის სახლის” Facebook გვერდზე, მას შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კარანტინის პერიოდი გაყიდვები შეჩრებული აქვს, საცდელი წლის თითქმის მთელი მარაგი ამოწურა. ამის მიუხედავად სოციალურ მედიაში აქტიურობა არ შეუწყვიტავს და ცდილობს ადამიანებს საინტერესო მასალა გაუზიაროს მისი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ბევრად მეტმა ადამიანმა იცის „თიგის სახლის“ შესახებ და ისინი მოუთმენლად ელოდებიან, როდის აღადგენს გაყიდვებს.

ამ ეტაპზე “თიგის სახლში” სამი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ჩაია. თითოეულ მათგანი რამდენიმე მცენარის სინთეზია და ინდივიდუალური სახელი აქვს. მცენარეები მთაში გროვდება, მოკრეფიდან შეფუთვამდე კი არანაირი ხელოვნური ჩარევა არ ხდება, რაც მას განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის. კიდევ ერთი რამ, რაც “თიგის სახლის” ჩაის გამოარჩევს მცენარეების მთლიანობაა, რაც განსაკუთრებით ლამაზია დაყენებისას და მათთვის, ვისთვისაც ესთეტიური მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც – გემო, იგი საუკეთესო არჩევანია.

“თიგის სახლის” განვითარებაში აქტიურად ჩაერთო ფაბლაბ ილიაუნიც, რომელიც მას ბრენდინგის მიმართულებით დაეხმარა.

“მოკლედ რომ ვთქვა, რომ არა ფაბლაბ ილიაუნი, ალბათ დღეს არ იქნებოდა „თიგის სახლი“ და ჩაი, როგორც ბიზნესი. დაწყებისას ფაქტობრივად არანაირი რესურსი არ მქონდა გარდა მცენარეებისა და ქაღალდის პარკებისა. არადა კარგად ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ესთეტიური მხარე, ბრენდინგი, ლოგო, შეფუთვა და ა.შ. პროდუქტის წარმატებისა და ბრენდის ჩამოყალიბებისათვის. ვისაც შეხება ჰქონია, თუ რამდენად ძვირი ღირს მსგავსი ტიპის ხარისხიანი მომსახურება, მიხვდება, რომ მე, როგორც დამწყებ, ჯერ კიდევ სტუდენტ მეწარმეს, ამის საშუალება არ მქონდა. სამაგიეროდ მყავადა მეგობრები, რომლებიც გულისყურით მომისმენდნენ და დამეხმარებოდნენ. სწორედ ერთ-ერთი მეგობრის რჩევით, რომელმაც გამიკეთა ლოგოს მონახაზი და შემარჩევინა სახელები, მივედი ფაბლაბში, სადაც კიდევ ერთხელ მომისმინეს და მთელი გული და სული ჩადეს ჩემი პროდუქტის დიზანის შერჩევაში, სულ რამდენიმე დღეში კი მივიღე ულამაზესი ლოგო, სტიკერის დიზაინი და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ჩემი გეგმის ხორცშესხმისთვის, ეს ყველაფერი კი სრულიად უფასოდ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მე ვაპირებ, განვვითარდე და ფაბლაბი კვლავ აქტიურად მეხმარება ამაში”.- ამბობს ნინო

სამომავლო გეგმები:

“თიგის სახლი” უახლოეს მომავალში გეგმავს ჩაის ასორტიმენტის გაზრდასა და სხვა ოჯახური პროდუქტების დამატებას, როგორებიცაა: მურაბა, საწებელი და ა.შ. ნინოს ოჯახი ქართულ-ოსური, მთა-ბარის თანაცხოვრების გაერთიანების ილუსტრაციაა მისი ყოველდღიური ყოფით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით, რაც დიდ ინტერესს იწვევს ირგვლივმყოფებში, სწორედ ამიტომ მისი მიზანი საკუთარი აგროტურისტული მეურნეობის შექმნაა, ადგილის, სადაც უბრალოდ კი არ მოუყვება და აჩვენებს ადამიანებს პროცესებს, არამედ მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება და ემოციები, თავად გახდნენ ამ პროცესებისა და მისი დიდი ოჯახის წევრები, თუნდაც რამდენიმე საათით.

“ადრე ეს თითქოს ჩვეულებრივობა იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა სხვანაირად ვაფასებ. როდესაც ვხედავ ადამიანების ინტერესით სავსე სახეებს, როცა მათ ვესაუბრები სახლის ლუდზე, ფხლოვანზე, ხაბიზგინზე,  ხეხილის დამყნობაზე და ასე შემდეგ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის ჩვეულებრივობა და მთელი გულით მინდება ამ ყოველივეს გაზიარება მათთვის, უბრალოდ მოყოლა კი არა, მათთან ერთად ამ ყველაფრის კეთება”.

ფაბლაბ ილიაუნი წარმატებას უსურვებს ნინოს სამომავლო გეგმების განხორციელებაში და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისთვის.