ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის ,,შექმენი წიგნის ალტერნატიული ყდა”-ს ახალგაზრდა გამარჯვებული

გაიცანით ნია შარიქაძე,124-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, რომელმაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსში სახელად ,,შექმენი წიგნის ალტერნატიული ყდა” გაიმარჯვა.

ნია ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინკურსის კურსდამთავრებულია.იგი ორი თვის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში.ნიას საყვარელი საქმიანობა ხატვაა, მას ყოველთვის ჰქონდა ინტერესი გრაფიკული დიზაინის მიმართ, რამაც გადააწყვეტინა პროგრამების შესწავლა.

“რამდენიმე თვის წინ, სანამ ჯერ კიდევ მე-11 კლასში ვიყავი და პანდემიის პირობებთან შეჩვევას ვცდილობდი, ჩემი დისგან გავიგე ილუსტრატორის კურსის შესახებ, რომელსაც ფაბლაბ ილიაუნი ატარებდა. ინტერესის გამო გადავწყვიტე მეცადა. გასაგზავნი ფორმა შევავსე, კითხვებს გავეცი პასუხი და რაღაც პერიოდის მერე, როცა უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი, მომდის შეტყობინება, რომ სხვებთან ერთად მოვხვდი სასწავლო კურსზე! აღნიშნული კურსი ძალიან დამეხმარა მიმეღო გარკვეული გამოცდილება digital art-ში, რაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. უნდა აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი მონდომება და ენერგია იხარჯებოდა თითოეულ გაკვეთილში, ახსნაში, ბავშვების კითხვებზე პასუხის დაუზარებლად გაცემაში… ძალიან მიხარია, რომ დავინახე მონდომება არა მარტო ბავშვებში, არამედ მასწავლებელშიც. ასევე, ამან დამარწმუნა, რომ მინდა გავაგრძელო სწავლა და გავიღრმავო ცოდნა ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში .”- ამბობს ნია

ნია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსში სახელად ,,შექმენი წიგნის ალტერნატიული ყდა” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, სადაც მან საკონკურსო წიგნის-,,ჩრდილოეთის ციალი”-ის ყდის ილუსტრაცია შექმნა. საბოლოოდ მისი ილუსტრაციით გაფორმებული წიგნი დაიბეჭდა და გამარჯვებულს სიმბოლურადაც გადაეცა ეგზემპლარები.

“რამდენიმე კვირის დამთავრებული მქონდა ილუსტრატორის პროგრამის კურსი, როდესაც ძალიან მოულოდნელად, Google-ს საძიებო სისტემაში, წავაწყდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საიტს, სადაც კონკურსის სახელი ,,შექმენი წიგნის ალტერნატიული ყდა” ეწერა. ერთ-ერთი საჩუქარი კი გამარჯვებული ყდის 5 ეგზემპლარის დაბეჭდვა და ჩუქება იყო. ჩამოთვლილი რამდენიმე საკონკურსო წიგნიდან ავარჩიე ,,ჩრდილოეთის ციალი” (სხვათაშორის, ფაბლაბის კურსის ერთ-ერთი დავალება იყო პოსტერის შექმნა და მე სწორედ ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმზე შევქმენი მაშინ). უნდა დამეხატა მისი ყდის ჩემებური ვერსია, წარწერები და გამეგზავნა მათთვის. მთელი დღე განვიხილავდი იდეებს, ვშლიდი, ვამატებდი დეტალებს და სანამ ნამუშევრების მიღებას შეწყვეტდნენ, რამდენიმე დღით ადრე, გავაგზავნე. ველოდე, ალბათ, 1 თვე და ასე ძალიან არასდროს გაწელილა დრო  ჩემთვის.”

გამომდინარე იქედან, რომ ნიას კითხვა ძალიან უყვარს, კონკურსი კი აძლევდა კითხვისა და ხატვის გაერთიანების შესაძლებლობას, გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. მისი სურვილია მომავალშიც შეძლოს ამ ორი ინტერესის შერწყმა და მეტი პროგრამის სწავლა უკეთესი ნამუშევრების შესაქმნელად.

ნიამ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია ჩადო ილუსტრაციის შექმნაში და საბედნიეროდ, მისი მონდომებითა და მოტივაციით წარმატებასაც მიაღწია.

ფაბლაბ ილიაუნი წარმატებას უსურვებს ნიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისთვის.

0 0 vote
Article Rating