ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის ქართველი მონაწილე

გაიცანით კომაროვის სკოლის მოსწავლე რობიკო ცინცაძე, რომელმაც ფაბლაბ ილიაუნის დახმარებით ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე წარადგინა თავისი პროექტი, წარმატებით გაიარა შიდა შესარჩევი ეტაპი და საქართველოს ხუთკაციან ნაკრებში მოხვდა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება რუმინეთში 9-16 ივლისს, სადაც რობიკო თავისი ორი ამოცანით წარსდგება.

პროექტის შესახებ:

თავდაპირველად რობიკოს გუნდური ამოცანა შეეხებოდა ნიტინოლის სითბურ ძრავას, რომელიც კომაროვის ნაკრებში მოსახვედრად და შემდგომ უკვე ტურნირზე გუნდური ჩათვლისთვის გამოიყენა. ამგვარი უმარტივესი ძრავის პრინციპი შემდეგია: ორ უძრავ ჭოჭონაქზე გადადებულია ნიტინოლის მავთულის ღვედი. თუ ერთერთ ჭოჭონაქს გავათბობთ, რადგან ნიტინოლის ღვედს აქვს თვისება მაღალ ტემპერატურაზე აღიდგინოს თავდაპირველი, წრფივი ფორმა, გაცხელებულ ჭოჭონაქზე შემოხვეული ნიტინოლი შეეცდება გასწორდეს და შესაბამისად გადაინაცვლოს ერთერთ მხარეს. ამის შემდეგ ღვედის მეორე მხარე, რომელიც ჯერ კიდევ ცივია, ინერციით შემოეხვევა ცხელ ჭოჭონაქს, რომიც კვლავ გამოიწვევს ამ ახალი ნაწილის გათბობას და ძრავი დაიწყებს ბრუნვას.

ექსპერიმენტული დაკვირვებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ძრავის სიმძლავრე იმატებს, თუ ნიტინოლის ღვედის თბილ და ცივ ნაწილებს შორის არის მეტი ტემპერატურული სხვაობა. შესაბამისად, რობიკომ შექმნა მოდელი, რომელიც იყენებს ორ ჭოჭონაქს, რომელთაგან ერთი თბილ, ერთი კი ცივ წყალშია მოთავსებული.

რაც შეეხება მეორე ამოცანას, რომელიც საქართველოს ნაკრების შესარჩევ ეტაპზე გამოიყენა, იგი შეეხება ხახუნის ოსილატორს. მისი მეშვეობით შიდა ტურნირზე, სადაც სხვადასხვა სკოლის ნაკრებები მონაწილეობდნენ, რობიკოს გუნდი გავიდა პირველ ადგილზე. საბოლოოდ კი 14 და 15 მარტს, რობიკო საქართველოს ნაკრების 5 წევრს შორის შეირჩა.

რას წარმოადგენს ტურნირი?

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (IYPT) გუნდური შეჯიბრებაა სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში, ამოხსნის შესახებ მოხსენებასა და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან რამდენიმეთვიან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს, ამიტომ ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება. ტურნირისთვის თითოეული ქვეყნის ნაკრებს მოსამზადებლად ეძლევა 17 ამოცანა, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე. ამოცანები არის ექსპერიმენტული ტიპის, მონაწილეებს თეორიული მოდელის შემუშავების შემდეგ უწევთ ამოცანა ექსპერიმენტულად განამტკიცონ, შემდეგ კი ამ ამოცანებს იცავენ ჟიურის და ოპონენტი გუნდების წინაშე. შიდა ტურნირის დასრულების შემდეგ შეირჩევა 5 მონაწილე,რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს.

მართალია, რობიკომ უკვე ძალიან ბევრს მიაღწია თავისი შრომითა და მონდომებით თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი წინ არის და საერთაშორისო კონკურსისთვის კიდევ მეტი შრომა მოუწევს, საბოლოო წარმატების მისაღწევად. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ მას.

0 0 vote
Article Rating